logo
ENG



იონათამიშვილი მასწავლებლებს აკრიტიკებს და მათ ნაწილს "ნაცმოძრაობის აქტივისტებს" უწოდებს

13 მარ 202314:07
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების დეპუტატი, რატი იონათამიშვილი მასწავლებლებს აკრიტიკებს, მათ ნაწილს "ნაცმოძრაობის აქტივისტებს" უწოდებს და ამტკიცებს, რომ ისინი მოსწავლეებს თავიანთი მშობლების პოლიტიკური შეხედულებების გამო "აბულინგებენ".

მისი თქმით, მასწავლებელი, რა პოლიტიკური შეხედულებისაც არ უნდა იყოს, ამას არ უნდა იმჩნევდეს მოსწავლესთან, ლექტორი - სტუდენტთან. ის ამბობს იმასაც, რომ ქართული ოცნების მომხრე არც ერთ მასწავლებელს "არასდროს უკადრებია" მისთვის ყველაზე მიუღებელი რომელიმე პოლიტიკოსის, თუ აქტივისტის შვილთან თავისი განწყობა შეემჩნია.

"ასეთი ფაქტი ვერავის გაახსენდება. მაგრამ, თურმე, ამ ქვეყანაში არსებობს მასწავლებელი, თან არაერთი, რომელსაც არათუ განწყობის შემჩნევა, არამედ შეუძლია, თავისი მოსწავლე დააბულინგოს მისი მშობლის პოლიტიკური შეხედულებისა, თუ პოლიტიკური საქმიანობის გამო. არ გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვი, რომ ასეთი რამ მხოლოდ ნაცმოძრაობის აქტივისტ მასწავლებელს შეუძლია იკადროს. რა თქმა უნდა, ყველას არა, მაგრამ ასეთი რამდენიმე შემთხვევა უკვე დაფიქსირდა!

მეტიც, ასეთ "მასწავლებელს" თურმე, შეუძლია, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნოს "მოღალატეების" სია იმის მიუხედავად, რომ მის მიერ, საუკუნის აფიორის საფუძველზე, მოღალატედ შერაცხული ადამიანის შვილს - თავად ასწავლის! წიგნების დაწვით ერთი-ერთში იმეორებენ ფაშისტების ნამოქმედარს; პროფესორების უნივერსიტეტებიდან განდევნის მცდელობით ერთი-ერთში იმეორებენ ბოლშევიკების ხელწერას;

ოპონენტების საზოგადოებიდან გარიყვის მცდელობით მხოლოდ იმას აღწევენ, რომ ბოლომდე შიშვლდებიან, როგორც უკვე ჩამოყალიბებული ფაშისტები. თუმცა, მასწავლებლის მხრიდან მოსწავლის მიმართ ასეთი მიდგომა, ფაშიზმის სულ სხვა "ლეველს" ნიშნავს და მათი ფსევდო-ლიბერალი ლიდერების ბოლოდროინდელი პოზიციიდან მომდინარეობს", - აცხადებს დეპუტატი.

მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტის შედეგად ქართულმა ოცნებამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონპროექტის გაწვევის შესახებ 9 მარტს განაცხადა, 10 მარტს კი პლენარულ სხდომაზე ჩააგდო. თავდაპირველად, ოცნება ამ კანონპროექტს მხარს უჭერდა და პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. 

კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტი 7-8 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. აქციები იყო ქუთაისში, ბათუმში და სხვა ქალაქებშიც. 

თბილისში პოლიციელებმა მშვიდობიანი აქცია წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეითა და ცრემლმდენი გაზით დაარბიეს. 

რამდენიმესაათიანი მცდელობების მიუხედავად ხალხი არ იშლებოდა, რის შემდეგაც პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება ძალისმიერი მეთოდებით დაიწყო. პოლიციელები მუშაობაში ხელს უშლიდნენ მედიის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებიც დაფიქსირდა. 

9 მარტს შსს-მ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი, 133 ადამიანი გაათავისუფლა.


close დახურვა